Tuesday, May 9, 2017



უილიამ შექსპირი (ინგლ. William Shakespeare; დ. სავარაუდოდ 23 აპრილი, 1564 — გ. 23 აპრილი, 1616) — ინგლისელი დრამატურგი და პოეტი, მიჩნეულია მსოფლიო დრამატურგიის ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ წარმომადგენლად.უილიამ შექსპირი მონათლეს უორიკის საგრაფოში მდებარე სტრეტფორდ-ონ-ეივონის ეკლესიაში 1564 წლის 26 აპრილს, რაც იმას მოწმობს, რომ იგი, სავარაუდოდ, ორი-სამი დღით ადრე დაიბადა. უილიამ შექსპირი დაიბადა წარმატებული მეხელთათმნის, ჯონ შექსპირისა და სნიტერფილდელი ფერმერის, რ. არდენის ქალიშვილის, მერის ოჯახში. უილიამის დაბადებიდან მალე ჯონ შექსპირი ქალაქის მერი გახდა. 1576 წელს ჯონ შექსპირი რთულ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რის გამოც ვერ შეძლო ნიჭიერი შვილის უნივერსიტეტში გაგზავნა. თუმცა, შექსპირის ნაწარმოებების გაანალიზებისას ვხვდებით, რომ მას ჰქონდა მიღებული საფუძვლიანი საშუალო განათლება მაინც, სავარაუდოდ, სტრეტფორდში.

1582 წელს 18 წლის ასაკში, შექსპირმა ცოლად შეირთო რვა წლით უფროსი ქალი ენ ჰეთუეი, რომელიც ამ დროს უკვე ორსულად იყო. უილიამსა და მის ცოლს ჰყავდათ სამი შვილი: სუზანა და ტყუპები ჯუდითი და ჰამნეტი, რომელიც 11 წლის ასაკში გარდაიცვალა.
შექსპირის ლიტერატურული კარიერა გრძელდებოდა დაახლოებით 20 წელიწადს 1592 წლიდან 1612 წლამდე და დაემთხვა ორი მონარქის, ჯერ ელიზაბეთ I-ისა (1558-1603), ხოლო შემდეგ — ჯეიმზ I-ის (1603-1625) ხანას. ამ პერიოდში მან შექმნა ორი ეპიკური პოემა, უამრავი სონეტი და 37 პიესა.